15.02.2022
როგორ გავზარდოთ სივრცე ფერების გამოყენებით

ფერი -ეს ერთი სიტყვაა, მაგრამ ჩვენთვის უამრავი ემოციის და მოგონებების წყაროა. პალიტრაზე არსებული განსხვავებული ფერები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. მათ გარეშე სამყარო ერთფეროვანია, ჩვენი აღქმა და წარმოსახვა კი მკრთალი. ადამიანზე ფერები ძალიან დიდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენენ. ფერს შეუძლია შეცვალოს ადამიანის განწყობა და აღძრას სხვადასხვა ემოცია: სიბრაზე, სიხარული, გულგრილობა, და ბედნიერება. ასევე ფერებს თავისი ენერგიაც გააჩნიათ, შესაბამისად მნიშვნელოვანია იპოვოთ თქვენი ფერი. დღეს ინტერიერის დიზაინში  განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფერს, თუმცა ადამიანების უმეტესობა ნაკლებად უფიქრდება იმას , თუ როგორი გავლენა შიძლება ქონდეთ მათ ჩვენ  ყოველდღიურობაზე. ფერთა კომბინაციები შეგვიძლია ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ, რათა მივიღოთ სასურველი შედეგი. 

თეთრი 

ყოველთვის დადებით ემოციასთან ასოცირდება და დადებითი ენერგიით გავსებს. ის გამოხატავს სისუფთავეს, სინაზეს და ქმნის სიმშვიდის განცდას. თეთრი მიეკუთვნება ნეიტრალურ ფერთა კატეგორიას და  რეკომენდირებულია სივრცის მოცულობის გასაზრდელად. ინტერიერში მისი ჭარბი რაოდენობა შემოიტანს სიცივეს და შექმნის მარტოობის განცდას.  

შავი

ასოცირდება სიძლიერესთან, ტრაგედიასთან, სხვადასხვა ქვეყანაში სიკეთესა და სიმშვიდესთან. თანამედროვე დიზაინში შავი ფერი დიდი პოპულარობით სარგებლობს,მას ინტერიერში დახვეწილობა და ელეგანტურობა  შემოაქვს. ამ ფერის გამოყენებისას მნიშვნელოვანია დაიცვა ბალანსი, რადგან მისი სიჭარბე  სივრცეს მოცულობას უკარგავს და ოთახში სევდიან განწყობას ქმნის. 

წითელი

ინტენსიური და ვნების აღმძვრელი ფერია. ადამიანს ენერგიით და ოპტიმიზმით ავსებს, სძენს თავდაჯერებულობას და არ არის მოსაწყენი. მისი სიჭარბე ინტერიერში აგრესიას და გაღიზიანებას იწვევს. წითელი ფერის დეკორის სახით შემოტანა სივრცეში ნივთების მოცულობას მატებს. თუ გსურთ მოტივაციის და ენერგიის გაზრდა, მაშინ გამოიყენეთ ეს ფერი ოფისში. 

ლურჯი

სტაბილური და ნდობის აღმძვრელი ფერია. იგი ამშვიდებს სხეულს და გონებას, ქმნის ნდობის, უსაფრთხოების განცდას. გამოხატავს მყუდროებას და სიღრმეს. ლურჯი ფერი არის კრეატიულობის ნიშანი. მისი გამოყენება რეკომენდებულია საკლასო ოთახსა და აუდიტორიაში.  მას ხშირად შეხვდებით  საძინებლის, საბავშვო ოთახისა და სააბაზანოს ინტერიერში. 

ყვითელი

მზის ფერია. ერთის მხრივ ასოცირდება სიხარულსა და ბედნიერებასთან,  მეორე მხრივ  სიმხდალესა და ცბიერებასთან. ის თავისუფლების ფერია და სივრცეში ხალისიანი განწყობა შემოაქვს.ყვითელი ფერის გამოყენება უმჯობესია სამზარეულოსა და სასადილო ოთახში.

იისფერი

განსხვავებულობის სიმბოლოა.  ადამიანში ის  თანადგომისა და დახმარების მოთხოვნილებას იწვევს. ხშირად ინტერიერში დეკორის სახით შემოდის.

მწვანე

ბუნებისა და პლანეტების ფერია და ასოცირდება იმედთან, სიცოცხლესთან, განახლებასა და გაზაფხულთან. არის ზრდისა და ჰარმონიის სიმბოლო. მწვანე ფერს ინტერიერის დიზაინში სიმშვიდე და უსაფრთხოების განცდა შემოაქვს. მისი გამოყენება საძინებელ ოთახშია რეკომენდებული. 

ნარინჯისფერი

ასოცირდება სიხარულთან და იწვევს აქტიურობას და სითბოს. ის კარგი ინტუიციისა და მეოცნებე სულის მქონე ადამიანების ფერია. ნარინჯისფერი ინტერიერში დეკორის სახით შემოდის და ადამიანში უამრავ დადებით ემოციას იწვევს. მისი გამოყენება სამზარეულოში, ოფისსა და ბიბლიოთეკაშია რეკომენდირებული.