09.11.2021
როგორ მოვაწყოთ 1 ოთახიანი ბინა 

ერთოთახიან ბინაში აუცილებელია სივრცის თითოეული დეტალი მაქსიმალურად, პრაქტიკულად და ეფექტურად გამოიყენოთ. სანამ დიზაინის შემუშავებაზე გადახვალთ, რამდენიმე დეტალი უნდა დაგეგმოთ. მაგალითად, გააერთიანებთ თუ არა სამზარეულოს მისაღებ ოთახთან, საძინებელს სამუშაო სივრცესთან. 

ერთოთახიანი ბინისთვის ვიზუალური გაფართოება რამდენიმე დიზაინერული ხრიკის და ტექნიკის გამოყენებითაც შეგიძლიათ. ყველაზე მარტივი და პოპულარული მსუბუქი, პასტელური ფერების გამოყენებაა. იმისთვის, რომ სივრცე გამოჩნდეს უფრო დიდი გამოიყენეთ ფერთა ტონის შემდეგი განლაგება: ჭერი უნდა იყოს ყველაზე ღია, კედლები - ერთი-ორი ტონით მუქი, იატაკი კი - კონტრასტულად მუქი. სივრცის ვიზუალურად გაზრდისთვის ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სარკის, პრიალა და მინის ზედაპირები.

რაც შეეხება ავეჯს , პატარა ბინაში ავეჯი უნდა იყოს კომპაქტური და ამასთან ერთად, ფუნქციური. არჩიეთ ისეთი ავეჯი, რომელსაც რამდენიმე დანიშნულებით გამოიყენებთ. მინიმუმამდე დაიყვანეთ დეკორის რაოდენობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერზე უარი უნდა თქვათ, უბრალოდ თავი შეიკავეთ დიდი ზომის ნივთებისგან, ეცადეთ დეკორის ელემენტებს რაიმე ფუნქციური დატვირთვაც ჰქონდეთ.

მცირე ზომის ბინაში აუცილებელია საკმარისი განათება. ფანჯრების სიმცირის გამო ამას ბუნებრივად ვერ უზრუნველყოფთ, ამიტომ ბინის კარგად გასანათებლად გამოიყენეთ ხელოვნური წყარო. ლამაზი დიზაინის სანათები, წერტილოვანი განათებები და სხვა. მათი მეშვეობით ბინს მეტ სინათლესთან ერთად სიმყუდროვესაც შეძენთ.

საცხოვრებლის ფუნქციურ ზონებად დასაყოფად გამოიყენეთ ავეჯი. მსგავსი დაგეგმარების უპირატესობა ისაა, რომ პატარა სივრცეში სასურველი სიტუაციის ორგანიზება მარტივად, ავეჯის გადაადგილებითაა შესაძლებელი.