08.11.2021
რა უნდა გავითვალისწინოთ რემონტის დროს

ყველასთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ რემონტი შრომატევადი და ძვირადღირებული საქმეა, რომელიც უამრავ დროს და ენერგიას მოითხოვს.

დაგეგმარება

რემონტის დაწყებამდე უმნიშვნელოვანესია მოხდეს მისი დაგეგმარება. კარგად გაწერილი გეგმა პირდაპირაა დაკავშირებული საქმის ხარისხიან და დროის მცირე მონაკვეთში შესრულებასთან. ხოლო გეგმის არ ქონა დაკავშირებულია მუდმივ პრობლემებთან, საქმის გადადებასთან და პროცესის უსაშველოდ გაწელვასთან. რაც იმოქმედებს თქვენ  ბიუჯეტზე და ნერვებზე. ამიტომ , რემონტის დაწყებამდე დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები – რამდენი დრო დამჭირდება რემონტზე? რა ღირს დღეს სახლის გარემონტება? ვინ უნდა უხელმძღვანელოს რემონტს? და ა.შ.

გეგმა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

პირველ რიგში აუცილებელია ბიუჯეტის განსაზღვრა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინება. რადგან გეგმის არსებობის შემთხვევაშიც კი არსებობს მცირე შანსი იმისა, რომ ყველაფერი ისე არ წავა, როგორც გსურდათ.

მნიშვნელოვანია ასევე სარემონტო მასალების წინასწარ შერჩევა მათი ყიდვისა და მიღების ზუსტი ვადების დადგენა, რადგან შემდგომ არ მოხდეს გარკვეული სამუშაოების შეჩერება.

რჩევა ჰკითხეთ ადამიანებს, რომლებმაც უკვე გააკეთეს რემონტი და რომლებიც კომპეტენტურები არიან. ეს რჩევები გამოგადგებათ, როგორც მასალების შერჩევაში, ისე პროფესიონალთა გუნდის დაქირავებაში.

ხარჯების და დროის სწორად დათვლა

უმეტეს შემთხვევაში  რემონტი ბევრად ძვირი ჯდება და უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე იმედოვნებთ. შესაძლებელია დაგეგმილი თანხის 15-20%-ით გაზრდაც კი მოგიწიოთ, ამიტომ უმჯობესია, თავიდანვე გადადოთ ფული გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის, რათა თავიდან აიცილოთ რემონტის დროში გაწელვა და არასაჭირო ეკონომიის გაკეთება. 

პრიორიტეტების განსაზღვრა

იმ შემთხვევაში თუ რემონტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი მცირეა და გარკვეულ კომპრომისებზე გიწევთ წასვლა, მაშინ ძვირადღირებული ტექნიკის ყიდვას სჯობს ყურადღება გაამახვილოთ ისეთ ნივთებზე და მასალებზე, რომლის შეცვლაც გაცილებით დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მაგალითად: ტექნიკის შეცვლას ყოველთვის შეძლებთ, მაგრამ იატაკის/მეტლახის აყრა და თავიდან დაგება არც თუ ისე სასიამოვნო და იაფი პროცესი იქნება. ამიტომ დაფიქრდით, რომელი სჯობს, ძვირადღირებული ტექნიკა თუ იაფფასიანი მასალები?