07.11.2021
მცენარეები, რომლებიც საძინებელში უნდა გქონდეთ

სახლის მცენარეებით გაფორმება მართლაც ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ისინი არა მარტო ვიზუალურ, არამედ ფუნქციურ დატვირთვასაც ითავსებენ, ხოლო ის სარგებელი, რაც მათ კერძოდ საძინებელში მოაქვს ძალიან დიდია. გარდა იმისა, რომ მცენარეები აცოცხლებენ ოთახს და აუმჯობესებენ გუნება-განწყობას, ისინი წმენდენ ჰაერს ისეთი დამაბინძურებელი აირებისა და ნაწილაკებისგან, როგორებიცაა: ფორმალდეჰიდი, ტრიქლორეთილენი , ქსილინი, ტოლუენი და ბენზოლი.

ამ მწვანე მეგობრებს არა მარტო შეუძლიათ საძინებელში ყოფნა, არამედ რეკომენდირებულიც კია.

5 მცენარე, რომელიც საძინებელში უნდა გქონდეთ:

სან­სე­ვი­ე­რია

იდეალური მცენარე საძინებელი ოთახისთვის. კვლევები ამტკიცებენ, რომ ის განსაკუთრებით აქიტიურად ჟანგბადს სწორედ ღამით გამოყოფს. მცენარის კიდევ ერთი პლუსი ის არის რომ უპრეტენზიოა - ადვილად იტანს ნებისმიერ პირობებს (ჩრდილს, მკვეთრ შუქს, მშრალ და ტენიან ჰაერს). ყველაზე მეტად ის ნაცრისფერ ფონს უხდება, რაზეც მისი უცნაური ზოლებით გამოკვეთილად ჩანს.

 

კაუჩუკის ფი­კუ­სი

მცე­ნა­რის მსუ­ქა­ნი და მუქი მწვა­ნე ფოთ­ლე­ბი, ფილტრავს ფორ­მალ­დე­ჰიდს, ბენ­ზოლს, ამი­აკს. ფიკუსის აბსოლუტურად ყველა სახეობას კარგად განათებული ადგილი უყვარს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ადგილი სწორად შეურჩიოთ.  მოათავსეთ ის ფანჯარასთან ახლოს და მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს ფარდის დახმარებით.

ფილოდენდრონი

გაზარდეთ ფილოდენდრონი  თქვენი საწოლის გვერდით ან გაუშვით ის კედელზე. მისი ფოთლების გულისებრი ფორმა თქვენ ოთახს განსაკუთრებულ შტრიხს შემატებს. სილამაზის გარდა ის ასევე წმენდს ჰაერს ტოქსინებისგან. ფილოდენდრონის მრავალი სახეობა არსებობს და ყოველ მათგანს მინიმალური მოვლა სჭირდება. კარგად ეგუება ნახევრად განათებულ ადგილს. 

პალმა არეკა/დიფსისი

კიდევ ერთი იდეალური მცენარე თქვენი საძინებლისთვის. ასუფთავებს ჰაერს და არ არის ტოქსიკური შინაური ცხოველებისთვის. ის თქვენ ოთახს ნამდვილ ტროპიკულ ჯუნგლებად გადააქცევს, სადაც მშვიდად გამოიძინებთ. გარდა ეფექტური ვიზუალისა ის ფილტრავს და ამდიდრებს ჰაერს ჟანგბადით.

ლავანდა

ლავანდა იდეალური მცენარე ძილისა და დასვენების ხელშეწყობისთვის. ამ მახასიათებლების გამო ხშირად სწორედ ამ მცენარეს ანიჭებენ უპირატესობას, როდესაც საქმე საძინებლის მოწყობას ეხება.