15.11.2022
ინტერიერი ინტროვერტისთვის - 4 მთავარი ფაქტორი ბინის მოსაწყობად

სახლი არის ადგილი სადაც ჩვენი ცხოვრების დიდ ნაწილს ვატარებთ, ამიტომ ყოველი ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ჩვენ ინტერესებსა და გემოვნებას გადმოსცემდეს. თუ ინტროვერტი ადამიანი ხართ და არ იცით როგორ შექმნათ თქვენ საჭიროებაზე მორგებული სივრცე ამაში ჩვენ დაგეხმარებით. შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, თუ რომელი ფერის შპალერი მოერგება თქვენ გემოვნებას — მშვიდი ნაცრისფერი თუ ნათელი ყვითელი, თუმცა, სრულყოფილი ინტერიერის შესაქმნელად მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ 4 მთავარი ფაქტორი:

ატმოსფერო

მნიშვნელოვანია თავიდანვე დასახოთ პრიორიტეტები. ნებისმიერ ადამიანისთვის მოსაბეზრებელია ხმაური და მუდმივი აურზაური. ინტროვერტისთვის კი ეს უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან მათ განსაკუთრებით სჭირდებათ პირადი სივრცე. თუ დიდ ოჯახთან ერთად ცხოვრობთ ეს არც ისე მარტივია, განსაკუთრებით მაშინ თუ პატარა ბინა გაქვთ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მოაწყოთ მყუდრო სივრცე აივანზე და გამოყოთ მოსასვენებელი ადგილი. 

გეგმარება

ინტროვერტები განმარტოებას და სტაბილურობას აფასებენ, მათ არ აშინებთ რუტინული საქმიანობა და მიყვებიან კონკრეტულ სამოქმედო გეგმას. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ მათი საცხოვრებელი სივრცე ზონებად იყოს დაყოფილი და ყველა ნივთს თავისი განსაზღვრული ადგილი ჰქონდეს. პატარა ბინა შეიძლება ვიზუალურად მსუბუქი მინის ტიხრების, თაროების ან შუშის სხვადასხვა საფარის საშუალებით დაიყოს.

მისაღები

ავეჯი

ინტროვერტები ხშირ შემთხვევაში უპირატესობას ანიჭებენ მკვეთრი ფორმის ავეჯს, განსხვავებული დიზაინით. ავეჯის შერჩევისას მთავარია ყველა ნივთი კომპაქტური იყოს და ვიზუალურად მთლიანობის შეგრძნებას ქმნიდეს. ფერების შეხამებისას მნიშვნელოვანია ნათელი და ერთმანეთთან ბალანსში არსებული ტონები შეარჩიოთ. დამერწმუნეთ თუ დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებთ, არასწორი ფერთა პალიტრით შერჩეული ავეჯი ნამდვილი კატასტროფა აღმოჩნდება.

დეკორი 

სრულყოფილი ინტერიერის შექმნაში და საბოლოო სურათის მიღებაში დეკორის ელემენტები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ. თუ უპირატესობას სიმყუდროვეს ანიჭებთ, აირჩიეთ ფერთა პალიტრა ნათელი აქცენტებით - თვალშისაცემი ფერების გამოყენების გარეშე. მშვიდი ატმოსფეროს შესაქმნელად იდეალურია ლურჯი და მწვანე ფერების გამოყენება, მაგალითად შეგიძლიათ მწვანე ფერი ოთახში მცენარეების დახმარებით შემოიტანოთ.

საძინებელი