რემონტი - ეს საკუთარი სივრცის შექმნის და განახლების პროცესია, რომელიც ხშირად თვეების განმავლობაში მიმდინარეობს და ყოველ ეტაპზე დაკვირვებას საჭიროებს. ეს ხანგრძლივი პროცესების ჯაჭვს წარმოადგენს, რომლის თითოეული ელემენტი დიდ დროსა და ყურადღებას მოითხოვს. შესაბამისად რემონტის დროს ხშირად შეხვდებით სხვადასხვა წვრილმან პრობლემებს, რომელიც საბოლოოდ პროცესს აჭიანურებს. ამიტომ მნიშვნელოვანია რემონტის დაწყებამდე დაუსვათ საკუთარ თავს კითხვები, რომელიც აისახება როგორც რემონტის პროცესზე, ისე მის საბოლოო შედეგზეც.
წარმოგიდგენთ 4 მნიშვნელოვან კითხვას, რომელზეც პასუხი რემონტის დაწყებამდე აუცილებლად უნდა გქონდეთ.
როგორ ბინაში მინდა ცხოვრება?
რემონტის დროს მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ რატომ იწყებთ მას. მშენებარე კორპუსში ბინის შეძენისას, თქვენ წინასწარ ემზადებით, რომ სივრცის მოსაწყობად აუცილებლად დაგჭირდებათ რემონტი. მაგრამ თუ თვლით, რომ არსებულ ბინას ინტერიერის განახლება სჭირდება, სასურველია წინასწარ გქონდეთ წარმოდგენა კონკრეტულად რისი შეცვლა გსურთ. დაათვალიერეთ სურათები, წაიკითხეთ ბლოგები, ნახეთ ინტერიერის სხვადახვა სტილი და შექმენით გონებაში სასურველი სახლის პროტოტიპი.
რა დრო მჭირდება რემონტისთვის?
ბინის რემონტი უამრავი კომპონენტის ერთობლიობა და ბევრ დროს მოითხოვს. სტატისტიკის თანახმად რემონტი იმაზე 30%-ით დიდხანს გრძელდება, ვიდრე ეს თავდაპირველ ჩანაფიქრშია. ამიტომ რემონტის დასრულების დადგენილ თარიღს ნუ ჩათვლით მისი ჩაბარების რეალურ დროდ. მნიშვნელოვანია კითხოთ ხელოსნებს თუ რა დროა საჭირო მათი საქმის დასასრულებლად, და შესაძლებელია თუ არა რამოდენიმე ხელოსნის ერთდროულად მუშაობა. ამ მეთოდის დახმარებით შემცირდება ხარჯები და რაც მთავარია რემონტისთვის განკუთვნილ დიდ დროს დაზოგავთ.
მაქვს თუ არა საკმარისი ბიუჯეტი?
ბიუჯეტის სწორი განსაზღვრა რემონტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. აუცილებლად მოარგეთ რემონტის მასშტაბი თქვენს ბიუჯეტს. განსაზღვროთ რემონტის ტიპი და თანხა, რომლის გამოყოფასაც შეძლებთ. შემდეგ შექმენით ხარჯთაღრიცხვა, სადაც გაწერთ სარემონტო მასალების ღირებულებას და ხელოსნების ანაზღაურებას. ასევე პროდუქციის მიტანისა და სარემონტო ნარჩენების გადაყრისთვის საჭირო ხარჯებს.
როგორ შემიძლია ჩავერთო რემონტში?
თუ გინდათ რემონტის პროცესის მონაწილეც გახდეთ, თქვენთვის საქმე აუცილებლად მოიძებნება. რემონტი უამრავ დეტალს მოიცავს, პროცესის მსვლელობისას კი გვხვდება საქმეები, რომლის შესრულებას პროფესიონალური ცოდნა არ სჭირდება. მაგალითად კედლების შეღებვას, ავეჯის გადაადგილებას, პარკეტის აყრას და სხვა.