სახლის მოწყობისას ხშირად ტერასას დიდ ყურადღებას არ აქცევენ, არადა ეს არის ადგილი სადაც შეგიძლიათ აბსოლუტური თავისუფლება მიანიჭოთ თქვენს ფანტაზიას და რეალობად აქციოთ ყველაზე აბსურდული იდეა, რომელიც თავში მოგივათ.
ტერასა პატარა კუნძულია შიდა და გარე სამყაროს შორის, რომელიც სულიერი განტვირთვისთვისა და მედიტაციისთვის საუკეთესო საშუალებაა. დატვირთული დღის შემდეგ, როცა სახლში მიდიხართ შეგიძლიათ დასხდეთ მეგობრებთან ერთად ტერასაზე და სასიამოვნო საღამო გაატაროთ. ამისთვის წარმოგიდგენთ რამდენიმე იდეას, რომელიც დაგეხმარებათ ტერასის მოწყობას შემოქმედებითად მიუდგეთ.
ტერასის ცენტრში შეგიძლიათ განათავსოთ კომფორტული დივანი, რომელიც სივრცეს შეავსებს და ამავდროულად მდიდრულ იერსაც შესძენს. ასევე შესაძლებელია მეტალის და მინის კომბინაციის მაგიდა და სკამები განათავსოთ, რომელიც მსუბუქი და საინტერესო დეკორაციის როლს შეასრულებს. დიდი ყურადღება მიაქციეთ ხარისხს, რადგან აივანზე ავეჯი მარტივად ზიანდება და იცვითება.
მცენარეები სივრცეს აცოცხლებენ, მათ ინტერიერში უამრავი ფერი და სიხალისე შემოაქვთ. ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ აივანზე თქვენთვის საყვარელი და საინტერესო ყვავილები განათავსოთ. დღეს უამრავი დიზაინის, ფერის და სტილის ქოთნები არსებობს, მცენარეები შეგიძლიათ ჭერზე ან მოაჯირზე დაკიდოთ. თუ ჯანსაღი და ხარისხიანი პროდუქტი გიყვართ შეგიძლიათ ტერასაზე პატარა ბოსტანი მოაწყოთ და ახალი მწვანილი ქალაქის ბინის პირობებში მოიყვანოთ.
ტერასაზე განათავსეთ პლედები, ბალიშები, ძირს დააგეთ პატარა ხალიჩა, ის ლამაზიც იქნება და პრაქტიკულიც. სივრცეს შეავსებთ და ამავდროულად ამინდის ცვლილებისთვის მუდამ მზად იქნებით. ეცადეთ არჩევანი თბილ ფერებსა და მსუბუქ ტექსტილზე შეაჩეროთ.
თბილი განათება მყუდრო და თბილ ატმოსფეროს ქმნის, ამიტომ საინტერესო იქნება ტერასას სანთლებით ან სხვადასხვა ფორმის და ზომის სანათებით გააფორმებთ. დიდი ზომის სანათები შეგიძლიათ იატაკზე დადგათ, პატარები კი მაგიდაზე ან ფანჯრის რაფებზე განათავსოთ.